Thursday, April 28, 2011

pyramids

google.doc

ფოტოები

ალექსანდრიის შუქურა
როდოსის კოლოსი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ალექსანდრიის შუქურა


7. ალექსანდრიის შუქურა
ალექსანდრიის შუქურა ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლია. იგი ააგეს ძვ.წ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.

ეს იყო მსოფლიოში პირველი შუქურა. პირამიდების შემდეგ, ძველ საოცრებათა შორის ალექსანდრიის შუქურამ ყველაზე მეტად გაუძლო დროს. ის თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ფაროსის უბისკენ მიმავალ ხომალდებს.

ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. იგი იმთავითვე იქცა ხალხმრავალ ნავსადგურად, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები. გემების სეუფერხებელი მოძრაობისთვის გადაწყდა ხმელთაშუაზღვის ნაპირებთან შუქურას აგება. მის მშენებლობას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. შუქურამ დასრულებული სახე ძვ.წ. 280 წელს მიიღო, როდესაც ეგვიპტეს მართავდა პტოლემოს II. საინტერესოა, რომ ზუსტდ ამ დროს დასრულდა როდოსის კოლოსიც.

ალექსანდრიის, იგივე ფაროსის, შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისაგან. ქვედა, პირველი კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი.

დროთა განმავლობაში ალექსანდრიის უბე ზღვის მიერ მოტანილი სილით აივსო. XII საუკუნეში სილის რაოდენობამ ისე მოიმატა, რომ პორტში ხომალდების შესვლა შეუძლებელი გახდა. პორტი გაუქმდა, ხოლო შუქურა უმოქმედოდ დარჩა. XIV საუკუნეში იგი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. შუქურას ბრინჯაოს ფირფიტები მონეტებისა და სარკეების დასამზადებლად გამოიყენეს, ხოლო ქვებით სამხედრო ფორტი ააშენეს. ეს ნაგებობა დღემდე დგას ყოფილი შუქურას ადგილზე.

ბერძენი მწერალი ლუკიანე სამოსატელი გვატყობინებს, რომ არქიტექტორმა, რომელმაც შუქურა ააგო, თავისი სახელი აღბეჭდა ერთ-ერთ ქვაზე იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში იგი გადმოვარდებოდა და გამოჩნდებოდა წარწერა: „სოსტრატე, დექსიფონეს ძე კნიდოსელი.“ თუმცა, იპოვა თუ არა ვინმემ ოსტატის წარწერა, არავინ უწყის.

როდოსის კოლოსი



6. როდოსის კოლოსი
კუნძული როდოსი ეგეოსის ზღვაში მდებარეობს.

მრავალი საუკუნის განმავლობაში როდოსი დამოუკიდებლად არსებობდა, მაგრამ ძვ.წ.V საუკუნეში იგი დაიპყრო მასზე ძლიერმა ათენმა. ათენელების ბატონობა თითქმის ორმოცდაათ წელიწადს გაგრძელდა. ძვ.წ.IV საუკუნის დასაწყისში კუნძულის მცხოვრებლებმა შესძლეს როდოსის გათავისუფლება ბერძენთაგან. ეს გამარჯვება მათ დაუკავშირეს მზის ღმერთ ჰელიოსს და გადაწყვიტეს მადლიერების ნიშნად მისთვის მანამდე არნახული ძეგლი აეგოთ. გადაწყვიტეს და შეასრულეს კიდეც.

ძვ.წ. 280 წელს სკულპტორმა ქარეტმა დაასრულა ჰელიოსის ბრინჯაოს გიგანტური ქანდაკება. მისი სიმაღლე 35 მეტრს აღწევდა. გადმოცემით ქანდაკება ქალაქის სესასვლელში იდგა და ზღვას გადაჰყურებდა. სკულპტურა თავდაპირველი სახით დიდხანს არ შემორჩენილა. აგებიდან სამოცი წლის შემდეგ კუნძულზე მოხდა დიდი მიწისძვრა და ქანდაკება მიწაზე დაეცა. როდოსელმა წინასწარმეტყველმა ხალხს მისი აღდგენის ნება არ მისცა და კუნძულელები დაარწმუნა, რომ რაც მოხდა, თვით ჰელიოსის ნება იყო, ამიტომ ქანდაკება იქ უნდა დაეტოვებინათ, სადაც დაეცა.

ძეგლი ასეთ მდგომარეობაშიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. დაახლოებით ცხრაასი წლის განმავლობაში უამრავი ხალხი ჩადიოდა როდოსში, რათა ღმერთის დაცემული ქანდაკება ეხილა. VII საუკუნეში როდოსი არაბებმა დაიპყრეს. მათ გადაწყვიტეს, ქანდაკებისათვის ბრინჯაოს ფირფიტები მოეხსნათ. გადმოგვცემენ, რომ კოლოსის ბრინჯაო დაახლოებით ცხრაასი აქლემით გაზიდეს.

როდოსის კოლოსისაგან აღარაფერი შემორჩა. მისი რეკონსტრუქცია მოხდა თანამედროვეთა და თვითმხილველთა აღწერილობის მიხედვით.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი



5. ჰალიკარნასის მავზოლეუმი
ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.

აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.

მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა – სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.

XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ.იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებ სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.

XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.

ზევსის ქანდაკება



4. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
ოლიმპია ძველი საბერძნეთის მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ ამ ქალაქთან არის დაკავშირებული ძვ.წ. 776 წელს პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა. თამაშების დროს საომარი მოქმედებებიც კი იგრძალებოდა, რათა შეჯიბრების მონაწილეებს და მაყურებლებს ოლიმპიადაზე მოხვედრა შესძლებოდათ.

ძვ.წ.Vს-ში ბერძნებმა გადაწყვიტეს, ოლიმპიაში აღემართათ ღმერთების მეფის – ზევსის ქანდაკება. ამისათვის ჯერ უზარმაზარი ტაძარი ააგეს, ხოლო ქანდაკების შექმნის საპატიო საქმე დიდ მოქანდაკეს – ფიდიასს მიანდეს. ფიდიასმა ზევსის ქანდაკებაზე მუშაობა ძვ.წ 435 წელს დაასრულა. ზევსი იჯდა ოქროს ტახტზე. მისი ფიგურა გამოკვეთილი იყო ოქროსა და სპილოს ძვლისაგან. ზევსს თავზე ედგა ოქროს გვირგვინი, ხოლო ხელთ ეპყრა კვერთხი. ქანდაკების წინ იატაკი მოპირკეთებული იყო შავი მარმარილოთი. ზევსის ქანდაკება დაახლოებით 800 წლის მანძილზე აოცებდა მნახველს თავისი სიდიადით.

1 საუკუნეში რომის პატივმოყვარე იმპერატორმა კალიგულამ განიზრახა, ოლიმპიელი ზევსის ქანდაკების რომში გადატანა. ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად მუშებიც კი გაგზავნა ოლიმპიაში. მაგრამ, თანახმად ლეგენდისა, ქანდაკებას მასთან მისული რომაელები რომ დაუნახავს, ხარხარი დაუწყია, რასაც დამრთრგუნველი ზემოქმედება მოუხდენია რომაელ მუშებზე და ისინი უკანმოუხედავად გაქცეულან.

391 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუსმა ოლიმპიური თამაშები აკრძალა, რადგან მიაჩნდა, რომ სპორტული შეჯიბრებები ეწინაღმდეგებოდნენ ქრისტიანულ მორალს და კანონებს, თუმცა, ინტერესი ზევსის ქანდაკებისადმი მაინც დიდი იყო. V საუკუნეში იგი გადაიტანეს ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, მაგრამ 462 წელს იმ სასახლეს, სადაც ქანდაკება იდგა, ხანძარი გაუჩნდა, რამაც ეს ხელთუქმნელი ძეგლი დაანგრია. დრამატულად წარიმართა ოლიმპიის ბედიც. VI საუკუნეში აქ მოხდა დიდი მიწისძვრა.