Thursday, April 28, 2011

არტემიდას ტაძარი



3. არტემიდას ტაძარი ეფესოში
ქალაქი ეფესო მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

ძვ.წ.VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა.

იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.

ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით თავისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა ეფესოს ტაძარი და მისი აღდგენა ბრძანა.

ამ ძეგლის რესტავრაციის შესახებ მოგვითხრობს ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც წერს, რომ ცეცხლისგან განადგურებული ტაძარი აღუდგენიათ და აღდგენილი ნაგებობა პირვანდელზე გაცილებით ლამაზი და წარმტაცი ყოფილა. თუმცა, არტემიდას ტაძარი მაინც ვერ გადაურჩა განადგურებას. III საუკუნეში იგი მომთაბარე გუთებმა ძირფესვიანად დაანგრიეს და გაძარცვეს. მრავალი წლის შემდეგ არქეოლოგებმა ეფესოში აღმოაჩინეს არტემიდას ტაძრის უმნიშვნელო ნაშთები, ამ დიდებული ნაგებობიდან მხოლოდ ერთი კოლონაღაა შემორჩენილი.

No comments:

Post a Comment